თეორიული გეოგრაფიის საკითხებზე მუშაობდნენ ბუნების დიდი მკვლევარები ალექსანდერ ჰუმბოლდტი (1769-1859) და კარლ რიტერი (1779-1859). სწორედ ამ ორმა მკვლევარმა აიყვანა გეოგრაფია პროფესიონალ დონეზე და მათ საბოლოოდ აწარმოეს გეოგრაფიული კვლევის სინთეზი.
ალექსანდერ ფონ ჰუმბოლდტი ოყო კაცობრიობის ერთ-ერთი უდიდესი გენია, დიდი მოაზროვნე და გეოგრაფი, რომელმაც დაწერა ცნობილი შრომა «კოსმოსი». განსაკუთრებით, აღსანიშნავია მისი ხუთწლიანი მოგზაურობა ლათინურ ამერიკაში. მთელი თავისი ცხოვრება მოგზაურობდა. მეცნიერების მრავალმხრივი მცოდნე იყო. მისი შეხედულებანი დაედო საფუძვლად ზოგად ფიზიკურ გეოგრაფიასა და ლანდშაფტმცოდნეობას, აგრეთვე მცენარეთა გეოგრაფიასა და კლიმატოლოგიას.
XIX საუკუნის გეოგრაფიაში დიდი წვლილი შეიტანა ასევე კარლ რიტერმა, რომელიც გეოგრაფიის პირველი პროფესიონალი პროფესორი იყო. არაერთი დიდმოცულობითი შრომის ავტორია. კარლ რიტერის ნაშრომში „erdkunde“ მოცემულია გეოგრაფიის როგორც „ამხსნელი“ მეცნიერების განსაზღვრა. შედარებითი მეთოდის გამოყენებით ცდილობდა მრავალი ბუნებრივი მოვლენის კლასიფიკაციასა და ახსნას, ამით იგი დაუახლოვდა ლანდშაფტის მთლიანობის თანამედროვე წარმოდგენას. კარლ რიტერი გეოგრაფიული დეტერმინიზმის მომხრე იყო.
ალექსანდრ ფონ ჰუმბოლდტისა და კარლ რიტერის იდეებმა დიდი გავლენა მოახდინა XIX საუკუნისა და XX საუკუნის დასაწყისის გეოგრაფიული აზროვნების განვითარებაზე.
ამავე პერიოდში რუსეთში, საფრანგეთში, გერმანიასა და ამერიკაში დაარსდა გეოგრაფიული სკოლები, რომლებსაც მსოფლიო მნიშვნელობა ჰქონდათ. აქვე აღიზარდა მრავალი გამოჩენილი გეოგრაფი, რომლებმაც თავიანთი შრომებით, საფუძველი ჩაუყარეს როგორც მეცნიერულ გეოგრაფიასა და მისი აზრის განვითარებას, ისე მის მომიჯნავე დარგების შესწავლის საქმეს.
XIX საუკუნიდან მოყოლებული დაიწყო გეოგრაფიული მეცნიერების ინტენსიური დიფერენციაცია. ფიზიკურ გეოგრაფიას გამოეყო საკმაოდ ბევრი სპეციალური დარგი (მაგ.,: გეომორფოლოგია), ხოლო ამ უკანასკნელს ქვედარგები. ახალმა გამოყოფილმა დარგებმა გაზარდეს გეოგრაფიული კვლევის არე და მისი პერსპექტივა. დიფერენციაცია წლების მანძილზე მიმდინარეობდა, რის საფუძველზე გეოგრაფიამ მჭიდრო კავშირი დაამყარა ბუნებისმეტყველების სხვა დარგებთან, მ.შ. გეოგრაფია ოკეანოლოგიისა და ჰიდროლოგიის საშუალებით უკავშირდება გეოფიზიკას; კლიმატოლოგიისა და ლანდშაფტოლოგიის მეშვეობით დაკავშირებილია ბიოგეოცენოლოგიასთან; გეოლოგიას იგი უმთავრესად გეომორფოლოგიით უკავშირდება, ჰიდროლოგია გეოგრაფიას აკავშირებს ჰიდროტექნიკასთან, ჰიდრავლიკასთან; ბიოგეოგრაფია კი გეოგრაფიას ბიოლოგიასთან აკავშირებს. გარკვეულ წილად გეოგრაფია უკავშირდება მათემატიკას, გეოქიმიასა და გეობოტანიკას.
გეოგრაფია-გეოლოგიის მიჯნაზე იმყოფება ასევე სპელეოლოგია, პალეოგეოგრაფია და გლაციოლოგია. გეოგრაფიასთან უშუალოდ არის დაკავშირებული მეცნიერების სპეციფიური დარგი - კარტოგრაფია.
თანამედროვე პერიოდი (XXI ს.)
XXI საუკუნეში ჩვენთვის ცნობილია ერთი მთლიანი მსოფლიო ოკეანე (ზღვებითურთ) და შვიდი კონტინენტი. ცნობილია დედამიწის უამრავი ბუნებრივი უბანი (დიდი თუ პატარა). გამოკვლეულია მსოფლიო ოკეანეც და მის ირგვლივ გარშემორტყმული ხმელეთიც. და ბოლო-ბოლო ვიცით რომ დედამიწა მრგვალია და მოქცეულია მზის სისტემაში და ბრუნავს მზის ირგვლივ ელიფსურ ორბიტაზე. XX საუკუნეში დაგროვილმა დიდმა სამეცნიერო მასალამ თავისი გაგრძელება ჰპოვა XXI საუკუნეშიც. თუმცა XXI საუკუნეს ჯერ ბევრი აქვს სათქმელი და გასაკეთებელიც. XX-XXI სს. არსებითი კავშირი მაინც არსებობს. ერთგვარად XXI საუკუნე გეოგრაფიული აზრებისა და იდეების გაგრძელების ხანაა.მიუხედავად იმისა, რომ XXI საუკუნე მხოლოდ ”ახალგაზრდა” გეოგრაფიული პერიოდია, მაინც არსებობს წარმატებები და დაწერილია არაერთი სამეცნიერო შრომა. დღეისათვის არსებობს მრავალი გეოგრაფიული დაწესებულება, მ.შ. ინსტიტუტები, საზოგადოებები, კავშირები და სხვა, მნიშვნელოვნად გაუწევს კოორდინაციას გეოგრაფიული აზრის შემდგომ განვითარებას. XX საუკუნეში შექმნილმა სამეცნიერო კვლევითმა ინსტიტუტებმა უდიდეს გეოგრაფიულ წარმატებას მიაღწია და ასეთი ტემპებით წინსვლა გამოიწვევს ასევე XXI საუკუნეში ახალი გეოგრაფიული შეხედულებების, აზრებისა და თეორიების შექმნას და საბოლოოდ მათ დამუშავებას. მითუმეტეს, რომ XXI საუკუნეს გააჩნია უდიდესი პოტენციალი, რამეთუ მეცნიერებას მხარს უჭერს განვითარებული და მუდამ წინსვლითი ტექნიკა.
No comments:
Post a Comment